1984

ყველაფერი ისე მარტივად ხდება ხოლმე: მარტივად ვფიქრობთ, მარტივად ვსაუბრობთ, მარტივად ვუსმენთ, მარტივად ვჭამთ. ხანდახან კი პირიქით – საწერად მომზადებულებს არათუ მთლიანად წაგვერთმევა ხოლმე საკუთარი აზრის გამოხატვის უნარი, არამედ აღარც გვახსოვს, რის თქმას ვაპირებდით. ხანდახან ისე მწარედ გადაგვცდება პურის ნამცეცი, რომ სანამ ზურგში მწარედ არ ჩაგვარტყამენ და არ გვეტყვიან ზევით აიხედე ჭერზე ნათლიაშენი კიდიაო, გაწითლებულები ვაგრძელებთ ხოლმე ხრჩობას. და თქვენ გჯერათ, რომ მხოლოდ იმიტომ გვირტყამენ, არიქა არ დაიხრჩოსო? არა, ეს უბრალოდ მიზეზია, სინამდვილეში კი წამებში ყველაფერი ახსენდებათ, რაც კი მათთვის რაიმე ცუდი გაგიკეთებიათ, ან უბრალოდ იმაზე მაღლა დამდგარხართ ვიდრე ისინი და ეს ჩარტყმა მთელი ძალით, ის რეაქციაა რომელიც გულში აქვთ ჩატკეპნილი და ადღლეზვასაც მხოლოდ დარტყმით ახერხებენ ხოლმე.

არადა ყველაფერი ისეთი მარტივია. წერა. რა მარტივია წერის პროცესი, მხოლოდ ის გმართებს, რომ გადაიტანო ეკრანზე მოუსვენარი მონოლოგი, თავიდან რომ არ გშორდება მთელი ორი თვე და ბოლოს სინდისის ქენჯნის გამო დააყენებ ხოლმე საშველს პოსტის გამოქვეყნებას.

რა მარტივია რაღაცის მოპარვა. ვერც მიხვდება ხალხი, როგორ მოხდა, სად, როდის და რატომ. რამდენი რამ არ ვიცით, არც მე და არც თქვენ, როგორც სჩანს. ესე, უბრალოდ, აიღებ რომელიმე წიგნის ერთ აბზაცს, მწერლის ნაწვალებს წამებში წყალში ჩაახრჩობ, გააჯერებ შენი უაზრო, ვითომ მაღალფარდოვანი სიტყვებით და მზად არის. მზად არის ტყუილით გავსებული პოსტი რომელშიც ვერავინ ვერ გაიგებს რა იგულისხმე ან საერთოდაც ვინ. პოსტის ბოლოს კი მარტივ შეკითხვას დასვამ: წაკითხული გაქვთ ჯორჯ ორუელის “1984″?

მადლობა.

ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ სადაც მნიშვნელობა არ აქვს ინვალიდი ხარ თუ უბრალოდ ფეხმოტეხილი, ტრანსპორტში ადგილი მაინც უნდა დაუთმო მოხუცს, ან შენი ნებით ან მათი ძალით – ნუ რა მნიშვნელობა აქვს, აქ დგომა არავის შეუძლია, დაჯდომა ყველას უნდა, ყველა დაღლილია მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მიდგება როგორ გეკადრებათ!  როგორ შეიძლება ქართველი პატიოსანი ოჯახის ქალი ან კაცი ავტობუსში განსხვავებული ფერის ადამიანის გვერდით დაჯდეს.

არავის მოყოლილს არ დავიჯერებდი მეთვითონვე, რომ არ მენახა მსგავსი რამ. ამასწინად 46 ნომერი ავტობუსით ქართულზე მივდიოდი, საერთოდ ამ ავტობუსში ისეთი მდგომარეობაა, ცალ ფეხზე ძლივს დადგები და იმდღესაც იგივე სიტუაცია დამხვდა. ჩვეულებრივი ამბავია, რომ ადგილის გათავისუფლების შემთხვევაში იწყება მოხუცებს შორის შეჯიბრი თუ ვინ დაასწრებს დაჯდომას, მაგრამ რატომღაც ამ შემთხვევაში მსგავსი რაღაც არ მომხდარა, პირიქით, ყველას სახეზე საოცარი ზიზღი გაჩნდა. ჰო, აბარა როგორ უნდა დაჯდე ავტობუსში შავკანიანი ადამიანის გვერდით, როგორ გეკადრება შენ ხომ… არვიცი რახარ, მართლა არვიცი, ქართველის დაწერას ვაპირებდი მაგრამ საქართველო რაშუაშია, ალბათ განუვითარებელი მენტალიტეტის მქონე ადამიანი.

1 წამში მათ თვალში რაღაც ამაზრზენ არსებად გადავიქეცი მის გვერდზე დაჯდომის შემდეგ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მისგან, ერთი თბილი, გულიდან ამოსული მადლობის გამო ღირდა ბრბოსთან დაპირისპირება. ეს ის მადლობაა, ყელში ბურთს რომ გაგიჩხირავს, ტირილის საშუალებას არ მოგცემს და ადამიანად ყოფნის აზრს, რომ შეგაგრძნობინებს ხოლმე, აიესე, უეცრად, სულრაღაც 1 ავტობუსის ბილეთის ფასად.

კონსერვების საუკუნე

ამონარიდი ერიხ მარია რემარკის რომანიდან “ტრიუმფალური თაღი” 

“- მარტოობას ყველა ნელ-ნელა შევეჩვიეთ, ის რაც ოდესღაც ერთმანეთთან გვაკავშირებდა, ახლა დარღვეულია. ისე დავცვივდით, როგორც გაწყვეტილი ძაფიდან მიწის მძივები. უკვე აღარაფერია მყარი. – ერთხელ სიყმაწვილეში, სათიბში ვიწექი. ზაფხული იყო, ცაზე ღრუბლის ნასახი არ ჩანდა. ვიდრე დავიძინებდი, ორიონს გავცქეროდი. შორს ეკიდა, ჰორიზონტზე, ტყის თავზე. შუაღამისას რომ გამომეღვიძა, ვხედავ – ორიონი პირდაპირ ჩემს თავზეა. ეს ამბავი მთელი ცხოვრების განმავლობაში დამამახსოვრდა. სკოლაში ვისწავლე, რომ დედამიწა პლანეტაა და თავისი ღერძის გარშემო ბრუნავს, მაგრამ ეს განყენებულად მესმოდა, არასოდეს დავფიქრებულვარ ამაზე. მაშინ პირველად ვიგრძენი, რომ ეს მართლაც ასეა. ვიგრძენი, როგორ უხმაუროდ ტრიალებს დედამიწა განუზომელ, უზარმაზარ სივრცეში. ისეთი ძალით ვიგრძენი ეს, რომ ბალახს ჩავეჭიდე, შემეშინდა – არ წამიღოს მეთქი. ჩანს, ეს მოხდა იმიტომ, რომ ღრმა ძილიდან გამოფხიზლებულმა, წამით მეხსიერებისა და ჩვეულების მიერ მიტოვებულმა, ჩემ თვალწინ დავინახე უზარმაზარი, ადილიდან გადანაცვლებული ცა. უეცრად ჩემთვის დედამიწა საკმარისად საიმედო არ აღმოჩნდა.

და იმ დღიდან ასეთივე დარჩა…”

სიურრეალისტური აზრები ოთახში

ჩვეული ადგილი ოთახში, მუსიკა დაბალ ხმაზე და 99 ფრანკი. ახლა არ მაღიზიანებს არაფერი და არც პირიქით. შორიდან in front of me ისმის, კედელზე პატარა ობობა მიღოღავს, წყალწყალა რძიან ყავას ვსვამ და ყველაფერი არაჩვეულებრივად ჩვეულებრივია. უბრალოდ ერთი უცნაური შეგრძნება მაქვს თავში, ასე მგონია სკალპგადამძვრალი ვზივარ და ყოველგვარი შიშის გარეშე ვუყურებ ობობას. 99 ფრანკი მარტივადაა დაწერილი და კარგად იკითხება, გენიალურობა ხომ სიმარტივეშია მაგრამ გენიალურობის ვერაფერი ვერ შევატყვე ამ წიგნს, უბრალოდ ყველა წინადადება ისეთი ჭეშმარიტებაა, დაგარწმუნებთ, რომ ყველანი ტყუილის მორევში იხრჩობით. უწმაწური სიტყვებით გაჯერებულია, თან ისეა გაჯერებული ისიც კი ვისურვე ნეტა ჩემ ყავასაც ამდენი რძე ჰქონდეს მეთქი. მაგრამ საერთოდ არ მაღიზიანებს. ეს წიგნი ამოვიჩემე, გუშინ დამიბრუნა ელენემ და მეც მეორედ დავიწყე კითხვა. ოქტავი ისევ არ მომწონს, არ მომწონს მაგრამ არც პირიქით.

ახლა ამ სკალპგადამძვრალ ტვინში სიურრეალისტური აზრები მომდის. რამდენი ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანი მოძრაობს ჩემ გარშემო. გელა რომელსაც მხოლოდ ფეხბურთი აინტერსებს და არა მისი ცოლი. ისეთი ცოლი ყავს, ეგეთი ინტელიგენტი ბოზი მხოლოდ შემთხვევითობაა პლანეტათაშორის უდაბნოში. ამბობენ სიკვდილის წინ კაცს მთელი თავისი სიცოცხლე თვალწინ ჩაუვლისო, ჰოდა იმედია გელაც პატრიკივით რეკლამებს არ დაინახავს მაგ მომენტში. ისე ერთი სიმართლე პატრიკმაც თქვა, ნესტლე – ძალიან მაგარი შოკოლადიო,  კარგია ვიღაც მაინც, რომ აფასებს ნესტლეს კოკაინზე მეტად.

“ცხოვრება ასე მიდის: იბადებით, კვდებით, შუაში კი მუცელი გტკივათ. ცხოვრება – ეს არის მუდმივი მუცლის ტკივილი: 15 წლისას იმიტომ გტკივათ, რომ შეყვარებული ხართ; 25 – ისას იმიტომ, რომ მომავალი გაშინებთ; 35 წლისას იმიტომ, რომ სვამთ; 45 წლისას იმიტომ, რომ ბევრს მუშაობთ; 55 წლისას იმიტომ, რომ შეყვარებული აღარ ხართ; 65 წლისას იმიტომ, რომ წარსულის მოგონებები გტანჯავთ; 75 წლისას იმიტომ, რომ კიბო გაქვთ, თანაც მეტასტაზებით. ინტერვალებში კი მხოლოდ ემორჩილებით. ჯერ მშობლებს, მერე მასწავლებლებს, შემდეგ სამსახურში უფროსებს, მოგვიანებით – მეუღლეებს, ბოლოს კი ექიმებს. ხანდახან გიჩნდებათ ეჭვი, რომ ამათ ყველას სინამდვილეში ფეხებზე ჰკიდიხართ, მაგრამ ახლა ამზე ფიქრი უკვე დაგვიანებულია. ერთ მშვენიერ დღეს ერთ – ერთი მათგანი მოვა და შეგატყობინებთ, რომ თქვენ მალე მოკვდებით. და აი ერთ წვიმიან დღესაც ხის ყუთში ჩაგდებენ და მიწას მოგაყრიან ბანიეს სასაფლაოზე. ხომ არ გგონიათ, რომ ეს თქვენ არ გელოდებათ? მით უკეთესი თქვენთვის. როცა ამ სტრიქონებს წაიკითხავთ, მე უკვე აღარ ვიქნები. თქვენ კიდევ იცხოვრებთ, მე კი არა. გულდასაწყვეტია ხომ? თქვენ ისეირნებთ, დალევთ შეჭამთ, სექსით დაკავდებით, არჩევანის გაკეთების საშუალება გექნებათ, მე კი ამ ყველაფერს ვეღარ გავაკეთებ, იმიტომ, რომ სხვაგან ვიქნები, სხვა სამყაროში, რომელსაც თქვენსავით ჯერ არც ვიცნობ, მაგრამ როცა თქვენ ამას წაკითხავთ, უკვე მეცნობება. ჩვენ სიკვდილი დაგვაშორებს. არაფერი სამწუხარო ამაში არ არის,ეს ნორმალურია რომ ჩვენ – მე მკვდარი და თქვენ ამ წერილის მკითხველი, გადაულახავი კედლის სხვადასხვა მხარეს ვართ და მიუხედავად ამისა, შეგვიძლია ერთმანეთს დაველაპარაკოთ. ცოცხალი იყო და თანაც მიცვალებულს უსმინო – მართლაც, რომ მოსახერხებელი რამაა ეს ინტერნეტი!

თქვენი საყვარელი აჩრდილი, სოფი.”

სიმართლე ყოფილა, ფილტვები ადამიანის ორგანოებს შორის ყველაზე რომანტიკულიაო, მაგრამ აბა სკალპგადამძვრალ ადამიანს კითხეთ..,

ორი საუკუნის შემდეგ

ხანდახან უბრალოდ არ გგონიათ, რომ გაუნძრევლად, მტვერდადებულები მიყვებით დინებას? ბედს უდრტვინველად ემორჩილებით და არაფერს აკეთებთ გადარჩენისთვის? ერთ-ერთი რამ რაც ჩემ თავში მიყვარს არის ის, რომ ბედსაც და უბედობასაც თანასწორად არ ვემორჩილები. ყოველთვის, ყველაფერს ვაკეთებ შედეგის მისაღწევად. უბრალოდ არ შემიძლია რაღაც მივატოვო უმიზეზოდ, ყოველთვის ყველაფრის ინტერესი მკლავს.

ილიამ კაცია-ადამიანის ეპიგრაფში თქვა, ვინც ლუარსაბზე დაწერილს თავის თავზე მიიღებს, ლაფის სროლას დამიწყებს და გიჟს დამიძახებსო. ზოგი დღესაც ამტკიცებს ქართველობამ მენტალობაში ლუარსაბ თათქარიძე დღემდე ვერ მოკლაო მაგრამ როგორც ყველას, ისევე მეც, განსხვავებული შეხედულება მაქვს ამ საკითხზე. მეცხრამეტე საუკუნეში ილიამ საზოგადო ჭირზე დაწერა ეს ნაწარმოები, ანუ ამ შემთხვევაში ყველა ერთ ქვაბში უნდა მოვხარშოთ და ყველას მივაწეროთ ის თითოეული ნაკლი რომელიც თათქარიძეებს ახასიათებდათ, პირველ რიგში კი მათი დამოკიდებულება განათლების მიმართ. მას მერე 2 საუკუნე გავიდა და ცვლილებას უკვე ყველანი ვხედავთ. მართალია ახლაც მოიძებნება რამოდენიმე ლუარსაბი მაგრამ მთავარი სიძნელე და ბარიერი გადავლახეთ.

რა თქმა უნდა აუცილებლად შევეხები და ვახსენებ იმ ფაქტს, რომ ეს ძალიან დიდი და ამავდროულად ძალიან მცირე რამ არის რაც ამ 2 საუკუნეში შეიცვალა. ძალიან მძიმე და აქტუალური საკითხია ქართული მენტალიტეტი და მასზე დავა. ეს ერთერთია იმ საკითხთაგან (ქართული მოდა), რომელზეც მყარი აზრი არ გამაჩნია, და შეხედულებების გაორება მაქვს. გაორებას კი კარგი შედეგები არ მოყვება მაგრამ ეს მე და ამ კონკრეტულ საკითხს არ გვეხება.

კარგია, რომ დღესდღეობით კაცია-ადამიანზე არ გვეცინება და იქ საკუთარ თავებს არ ვხედავთ. კარგია, რომ ჩვენს თაობას მისი წაკითხვის შემდეგ ერთადერთი აზრი უტრიალებს თავში – “სასაცილოა სატირალი, რომ არ იყოს”. კარგია, რომ ჩვენ გამოსწორების გზას ვადგავართ, ყოველშემთხვევაში გამოსწორების განზრახვამ ფრთა აიბა ჩვენში. კარგია, რომ ჩვენი თაობა ცრუსაქმიანობას და ცრუაქტიურობას არ მისდევს, ნებისყოფას ძაბავს და მაქსიმალურად იბრძვის არ იცხოვროს ტყუილზე აგებულ არარსებობაში. მაგრამ მაინც ხშირად გვესმის ჩვენი თაობის შეურაცხმყოფელი ფრაზები. არადა არაფერ ისეთს არ ვაკეთებთ – დედა, ეს რა გააკეთაო, რომ უთხრან ერთმანეთს. ჩვენ ვიბრძვით, რომ შევქმნათ მომავალი, მართალია ამ მომავალში 70%-ით საკუთარ მომავალს გულისხმობს ბევრი, მაგრამ საკუთარი თავისთვის ყველას კარგი უნდა, შესაბამისად იმაზე კარგი ცხოვრება გვექნება ჩვენ, ვიდრე 19 საუკუნის თათქარიძეებს ჰქონდათ. უბრალოდ გამოიყენეთ თქვენი შედარების და ანალიზის უნარი და დაინახავთ, რომ “ეს საქართველოა და არაფერი გვეშველება” სტერეოტიპის მორევიდან ამოსვლა და მისი დამსხვრევა ძალიან მარტივია.

შარლ პეგმა თქვა: მე მგონია, გამარჯვებას მოითხოვდე და ბრძოლის არავითარ სურვილს არ ამჟღავნებდე – უზრდელობააო. ხოდა მგონი ნამდვილად გვჭირდება იმის დამტკიცება, რომ არ ვართ “უზრდელები” : )

ზაფხულის გეგმები და ახირებები

ეს სასწავლო წელი უკვე მიიწურა. დალაგდა და გათავისუფლდა ჩემი მაგიდა, ოთახი და ტვინი. ახლა ყველაფერი შედარებით კარგად გამოიყურება. ეს წელი ისე სწრაფად გავიდა, თავში ქაოსისა და არეულობის გარდა არაფერი დამრჩენია. მაგრამ ყველაფერი კარგი ზაფხულში ხდება ანუ დღეიდან იწყება ის რასაც მე და თქვენ ამდენი ხანი ველოდით.

ზაფხული ის დროა როცა შეგვიძლია გავატაროთ თავისუფალი დრო ნაყოფიერად, ან უბრალოდ მივბაძოთ კარტოფილს და გავაკეთოთ აბსოლუტურად არაფერი მთელი 3 თვის განმავლობაში. ამ უკანასკნელს არ ვაპირებ. ვაპირებ მაქსიმალურად მოვერგო ზაფხულის თავისებურებებს. ივნისის ბოლომდე არსად არ ვაპირებ წასვლას შესაბამისად ცეკვის რეპეტიციებისთვის უფრო მეტი დრო მექნება და მგონი მივაღწევ სასურველ შედეგს ♥

რა თქმა უნდა, ზაფხულის თავისუფალი დრო ბლოგსაც დაეთმობა. უფრო ბევრი და საინტერესო ამბები მექნება ბლოგზე დასაწერად, ამავდროულად ტვინი გათავისუფლდება სკოლის დავალებების პარადისგან :D შვებულებას ივლისიდან ვაპირებ ასერომ დრო ჯერ კიდევ მაქვს ბლოგზე წერისთვის.

საბოლოოდ, მე უკვე მაქვს საკუთარი მიზნები რომლებიც ჩამოწერილია ორგანაიზერის ბოლო ფურცელზე. საერთოდ არ მიყვარს დაგეგმილი რაღაცეები მაგრამ ეს სულაც არ არის გეგმა და არ შედის იმ კატეგორიის თუ დუ ლისტში, რომელზეც ზოგი დამოკიდებული ხდება და ჩამოწერილი სიის გარდა არსად არ იხედება. არ მიყვარს ეგეთი უაზრობები, მირჩევნია ჩემი ცხოვრება მოულოდნელობებით და თავგადასავლებით იყოს სავსე ვიდრე რაღაც უაზრო სიებით. უბრალოდ მიყვარს შედარება იმისი, თუ რა გავაკეთე და სინამდვილეში რა მინდოდა :D ერთადერთი სია რომელიც მიყვარს არის წიგნების სია, რომელსაც ძალიან ხშირად ვაკეთებ.

მე გირჩევთ თქვენც ჩამოწეროთ თქვენი მიზნები, რომლებსაც გსურთ, რომ ამ ზაფხულს მიაღწიოთ. ფიზიკურად ჩამოწერილი მიზნები დაგეხმარებათ მათ დამახსოვრებაში. ეს უფრო ეფექტურია ვიდრე უბრალოდ მათზე ფიქრი.

ეს ზაფხული არის დრო ტრანსფორმაციისთვის. ჩემი ერთერთი მთავარი გეგმა კი არის ის, რომ უნდა გავხდე უფრო კარგი მოცეკვავე ♥.

ვიმედოვნებ, რომ ყველას ნაყოფიერი ზაფხული გექნებათ, თავგადასავლებითა და სიურპრიზებით სავსე ♥

 

ედგარ პო – “შავი კატა”

ეძღვნება ყველა იმ ადამიანს,
რომლებიც მიყვარდა და მოვკალი…

თქვენ არ აპირებთ დაიჯეროთ აქ მოთხრობილი ამბავი. მაგრამ ეს სიმართლეა, ისევე, როგორც ის, რომ მე ახლა ვზივარ და ამ მოთხრობას ვწერ. ისევე მართალი, როგორც მე მოვკვდები დილით. ამ მოთხრობის დასასრული იქნება ჩემი დასასრული ხვალ დილით. ყოველთვის კეთილი და კარგი ადამიანი ვიყავი. თქვენ წარმოიდგინეთ ცხოველები ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარდა. ჯერ კიდევ ჩემი მშობლების სახლი იყო სავსე შინაური ცხოველებით და ჩემი ბავშვობის ნახევარი მათ დაბანასა და გამოკვებაში მაქვს დახარჯული. ახალგაზრდა დავქორწინდი და ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ჩემს ცოლსაც ჩვენი მეგობარი ცხოველები ჩემსავით უყვარდა. მეტიც, ჩვენი სახლი მან სხვადასხვა სახეობის ოქროს თევზებით, ჩიტებითა და ძაღლებით გაავსო. ერთი კატაც მოიყვანა, ძალიან დიდი და ლამაზი. კატა მთლიანად შავი იყო, ერთი თეთრი ბეწვიც კი არ ჰქონდა და იმდენად ჭკვიანი, რომ ჩემი ცოლი მისი შემხედვარე დასცინოდა ხალხს, რომელთაც აწუხებდათ ცრურწმენა თითქოს შავი კატები ეშმაკისეულები არიან და მათ სხეულში ეშმაკი ცხოვრობს. კატას პლუტო ერქვა. ეს კატა ჩემი რჩეული გახდა. ყოველი ფეხის ნაბიჯზე დამყვებოდა და თუკი არ ავუკრძალავდი მთელს ქალაქსაც მოივლიდა ჩემთან ერთად. ყოველთვის მე ვაჭმევდი, ჩემი ხელიდან და წლების განმავლობაში ვიყავით განუყრელი მეგობრები.

თუმცა ამ წლების განმავლობაში მე კატისაგან განსხვავებით ნელ-ნელა ვიცვლებოდი. ჩემს ცვლილებებსაც ცრურწმენებით შეპყრობილი ადამიანები სასმელს მიაწერდნენ და იმასაც ამბობდნენ, რომ აღარ ვიყავი ისეთი კეთილი და კარგი, როგორც ადრე. სწორედ ამ ადამიანთა გამო თანდათან ეგოისტიც გავხდი. მერე უმნიშვნელო ამბებზეც ვბრაზდებოდი და ბოლოს გინებაც დავიწყე, ძირითადად ჩემი ცოლის მისამართით. ზოგჯერ ვცემდი კიდეც მას. უფრო ხშირად ცხოველებს ვცემდი, მაგრამ პლუტოს არასოდეს. თანდათან ეს ავადმყოფობა მიძლიერდებოდა. რა თქმა უნდა სმაც ავადმყოფობაა მითუმეტეს თუკი ცრუმორწმუნეებს დავუჯერებთ. სიმთვრალის მიუხედავად ძალიან კარგად მახსოვს ის დღე როდესაც პლუტოც ვცემე. გვიან ღამით მივედი სახლში და ვერაფრით გამეგო პლუტოს რატომ არ გაუხარდა ჩემი დანახვა. ის მოშორებით დადგა ჩემგან და თავს მარიდებდა. ჩემს პლუტოს ჩემი დანახვა არ უნდოდა. მივედი მასთან, ორივე ხელით ზემოთ ავწიე. მხოლოდ მაგრად მეჭირა და ვუყურებდი. მან კი თათი ხელზე დამარტყა. მაშინ თითქოს მართლა სხვა ჩასახლდა ჩემს სხეულში, ეშმაკი, ვიღაც შეშლილი სიმთვალისაგან თუ ბოღმისაგან. ჯიბიდან დანა ამოვიღე, კისერში წავავლე ხელი პუტოს და თვალი ამოვაცალე.

მეორე დილით, როცა გავიღვიძე სხეული მტკიოდა და თითქოს მთელი არსებით სავსე ვიყავი ტკივილითა და საშინელებით. მართლა ვწუხდი. ვერ გამეგო რატომ ჩავიდინე ასეთი რამ. თუმცა ისევ სასმელმა მიშველა, რომ მალე დამვიწყებოდა.
ნელ-ნელა კატაც გამოჯანმრთელდა. რამდენიმე ხნის შემდეგ ტკივილსაც აღარ გრძნობდა, მხოლოდ თვალის ადგილას საზიზღარი გამომშრალი ორმო ჰქონდა. სახლის გარშემო დაძრწოდა და მხოლოდ ხანდახან თუ შემოდიოდა შიგნით. ჩემთან აღარსოდეს მოდიოდა და თუკი მივუახლოვდებოდი ჩხავილით გარბოდა.
მივხვდი, რომ აღარ ვუყვარდი. თავიდან მოვიწყინე კიდეც ამის გამო, შემდეგ გავბრაზდი და კიდევ სხვა საშინელი რაღაცეები ჩავიდინე . . . .
ის ყველაფერი უნდა გამეკეთებინა. არ შემეძლო გავჩერებულიყავი. ამ საშინელებებს სევდითაც კი ჩავდიოდა, რადგან ვიცოდი კატა ნამდვილად ეშმაკი იყო და სწორედ ეს იყო მიზეზი ყველა იმ საშინელების რაც გავაკეთე. აბა სხვანაირად როგორ უნდა მოექცე ეშმაკს? ამიტომაც დავიჭირე კატა და კისრით ჩამოვკიდე ხეზე და იქ დავტოვე სანამ არ მოკვდა.
იმ ღამეს, როდესაც უეცრად გამოვიღვიძე აღმოვაჩინე რომ ჩემს საწოლს ცეცხლი ეკიდა. გარედ კი ცრუმორწმუნეები ღრიალებდნენ -ხანძარი!
მე, ჩემი ცოლი და მსახური საკმარისად იღბლიანები აღმოვჩნდით და ცეცხლმოკიდებულ სახლს თავი დავაღწიეთ. ვიდექით და ვუყურებდით სახლს რომელიც ცეცხლის ალში გახვეული მიწაზე წვებოდა. Continue reading

ერთხელ ბარსელონაში

ახლა დილის 6 საათია და ალბათ ფიქრობთ რატომ ღვიძავსო, მაგრამ მერწმუნეთ ვინმემ 1 დღით, რომ ჩაგაფრინოთ თქვენი ოცნების ქალაქში, ძალიან გაგიძნელდებათ ძილი. ზუსტად მაგ მიზეზით მღვიძავს მეც. 4 საათზე ჩამოვფრინდი და 2 საათია უკვე რაც აივანზე ვზივარ და ქალაქს ვუყურებ. რა ლამაზია ნეტავ განახათ, ვიწრო ქუჩებით და ლამაზი აივნებით მორთული. თეთრი საღებავი, რომ გადაასხათ მთლიან ქალაქს თავი სამოთხეში გეგონებათ.

აქ ვიყიდი ოდესმე ერთ მყუდრო ბინას და ბევრი ოცნებაც აღარ დამჭირდება. ხალხიც როგორი მშვიდი და სტაბილურია. ალბათ შიშველი, რომ გახვიდე ქუჩაში არავინ მოგაქცევს ყურადღებას. მიყვარს ასეთი ქალაქები და მათი ცხოვრების სტილი. არ ვფიქრობ, რომ ცხოვრება ზედმეტად მოსაბეზრებელია ან ზედმეტად დამღლელი. ყველაფერი ისეთი არაამქვეყნიურია.

დღეს ბევრი სასიარულო მაქვს მაგრამ ყველაფრის გადადება მომიწევს მთავარი სანახაობის გამო. დანიშნულების ადგილამდე მეტროთი მივალ, თან ერთხელ მაინც ვეზიარები ბარსელონას მეტროს სუნს და მოვუსმენ გიტარიანი ბაბუას დაკრულ თანამედროვე სიმღერებს. მეტროში როგორც ყოველთვის კინაღამ დავიკარგე, მაგრამ კინაღამ არც აქ არითვლება.

აი უკვე მოსჩანს ის, რის ნახვასაც ამდენი ხანი ველოდი, რაც მესიზმრებოდა, რაზეც ყოველ 11:11 წუთზე ვვოცნებობდი, რასაც ახალი ხილის პირველად ჭამის დროს ვიფიქრებდი, რაზე ფიქრის დროსაც სკოლაში ორიანიც მიმიღია. არის! ამისრულდა ოცნება, ვაჩვენე კონტროლიორს ბილეთი და დავჯექი მეექვსე სექტორში. დავინახე კაპიტნის გახარებული სახე და ვიგრძენი ბევრი ყვირილისგან ნატკენი ყელი. ვიგრძენი როგორ ამუშავდა რომელიღაც ჯირკვალი გოლის გატანის დროს და როგორ დამიარა ელვამ კოჭებამდე ამდენი ხალხის სიხარულის შემხედვარეს. მთელი 90 წუთის განმავლობაში თავი გლადიატორების ბრძოლაზე მეგონა, მთელი 90 წუთი გული ხელში მეჭირა,  მთელი 90 წუთი ყელი და ხელის გულები მტკიოდა მაგრამ არ ვჩერდებოდი, მთელი 90 წუთი ყველაფერი მიკანკალებდა და ამ 90 წუთის შემდეგ კონკიასავით, ზუსტად 12 საათზე დამთავრდა ყველაფერი, კამპ ნოუდან – საავადმყოფოს პალატაში და ბარსას ფორმიდან – თეთრ ხალათში გადმოვინაცვლე, დარეგულირდა პულსი და მოვიდა არარეალურიდან რეალურში გადმოსვლის დრო. პალატაში კი, გულის წასვლამდე, გავიგონე ექიმი დედაჩემს ეუბნებოდა, ბარსელონიზმი მხოლოდ ესპანეთის პატარა ქალაქ ბარსელონაში იკურნება და სასწრაფოდ იქ უნდა გადავიყვანოთო. პატარა ქალაქი ეძახეთ და როდაუკვირდეთ, ჯერმარტო კამპ ნოუ რამდენი ადამიანის გულს იტევს…

ბევრჯერ ვყოფილვარ არარეალურ ბარსელონაში სადაც ყველაფერი ისე რეალურად მეჩვენებოდა. ყოველთვის მიკვირდა ერთი შეხებით როგორ ქრებოდნენ გამოსახულებები მაგრამ ერთხელ ამოვხსნი ამ საიდუმლოს და მართლა წავალ. აუცილებლად წავალ…

ბოლოსდაბოლოს ოდესმე მაინც ხო უნდა ვუთხრა, როგორ მიყვარს!

Choose Happiness

არ გკითხავთ, შეგიძლიათ თუ არა ვინმესთან ერთად რამე გააკეთოთ. რათქმაუნდა ყოველთვის მოიძებნება ისეთი რამ რაც შეგიძლია სხვასთან ერთად გააკეთო მაგრამ, შეგიძლიათ გააკეთოთ სრულიად არაფერი ვინმესთან ერთად?

მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ტვინი შევავსოთ უმნიშვნელო რაღაცეებით. ჩვენ გვჯერა, რომ თუ ამ სიცარიელეს რაღაცით გავავსებთ, ჩვენ ბედნიერები ვიქნებით. მაგრამ ეს, უბრალოდ რაღაც არ არის. ნამდვილი ბედნიერებაა ის, როცა შენ შეგიძლია იჯდე ვინმესთან ერთად და გააკეთო სრულიად არაფერი, და არ იგრძნო ის, რომ აუცილებელია რაღაც გააკეთო.

ბედნიერებაა როცა არ გიწევს ვიღაცას გამუდმებით აჩუქო საჩუქრები და ასიამოვნო რამით მხოლოდ იმისთვის, რომ მისი ყურადღება მოიპოვო. ბედნიერებაა, როცა არ გიწევს ყოველი საღამოს დაგეგმვა. ბედნიერებაა როცა შეგიძლია იყო სპონტანური და არ გეშინოდეს იმის, რომ ზოგჯერ შენი სულელური აზრების გამო კრიტიკას დაიმსახურებ ან პირდაპირ გიჟად ჩაგთვლიან.

ბედნიერება უბრალოა, უბრალოდ ხალხი მას ბევრ რაღაცას აბრალებს და უკავშირებს. ბედნიერება არ არის ძვირიანი საჩუქრები და რესტორნები. ბედნიერება ხელის ჩაკიდებაა მაშინ, როცა იცი, რომ შენ შეგიძლია ხელი ჩაჰკიდო. ბედნიერებაა, როცა იღვიძებ, როცა ხვდები რომ ცოცხალი ხარ. ბედნიერებაა, როცა გაქვს საკუთარი აზრის გამოთქმის და დაცვის უნარი. ბედნიერებაა თავისუფლება. ბედნიერებაა სიმარტივე…

Daniel

რამდენი რამის მოყოლა შეიძლება თქვენთვის მაგალითად რატომ ვიცვლები ასე სწრაფად, რატომ მიხარია გაზაფხული, რატომ მიყვარს მაინცდამაინც გერმანია და რატომ მაინცდამაინც ფეხბურთი, რატომ დავიწყე ამ პოსტის წერა და საერთოდ რატომ ვაგრძელებ.

გუშინ მეტროში ვიღაც გოგომ გამაჩერა და მითხრა შენი ბლოგის აქტიური მკითხველი ვარ და წარმატებებს გისურვებ პირად ცხოვრებაშიო. მერე გამიღიმა და წავიდა ისე, რომ ვერაფრის თქმა ვეღარ მოვასწარი. სახეზე არ მეცნობა და ალბათ მეორედ ვეღარც ვიცნობ ისე დავიბენი და ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, მაგრამ აქ მაინც გადავუხდი მადლობას. საერთოდ თითოეულ თქვენთაგანს ძალიან დიდ როლი უჭირავს ბლოგის არსებობაში და ალბათ ვერც წარმოიდგენთ რამდენს ნიშნავთ ჩემთვის ♥

ამ ბოლო დროს ყველაფერი ისე სწრაფად ხდება მომხდარის გააზრებასაც ვერ ვასწრებ. მაგრამ რაც მთავარია ყველაფერი კარგად არის და ყველანაირი პრობლემა მოგვარებულია. მაგრამ ბლოგზე ვეღარ ვწერ. ეტყობა მარტო წიგნის კითხვა არ ყოფილა მთავარი და ნათელი გზა იდეებისკენ. ცოტა გრძნობებიც საჭიროა. გპირდებით ძალიან მალე დავბრუნდები თან მოცდაც არ მოგიწევთ მაინც ყველაფერი სწრაფად ხდება.

პ.ს ჩემი მომავალი ლეკვის დედა ორსულადაა! ♥